დღეს მსოფლიოში მწვანე, კოვიდისგან სუფთა ქვეყნები და რეგიონები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ვირუსის შიდა გავრცელებას აკონტროლებს.
„არ გვაქვს ახალი კლასტერები, საიდანმე ვინმე ინფიცირებული თუ გვყავს ვხედავთ, ძალიან კარგად მუშაობს ეს კარანტინის სივრცეები როგორც ბუფერები, ადამიანი რომ შემოდის 14 დღე, შემდგომ ანალიზი და იქედან არის ბევრი ინფიცირებული. ამიტომ ეს სისტემა კარგად გვაქვს დალაგებული. თუმცა, იმპორტირებული მაინც დიდი რისკის შემცველია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ქვეყანა ვერ გაჩერდება და საერთაშორისო ვაჭრობას ვერ გაჩერება, სატვირთო მანქანები მოძრაობენ, მათ შორის ქუთაისის გავლითაც.
„ეს ყველაფერი არის რისკის შემცველი და აქ კონტროლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ ექიმების შემდგომ, მებაჟეები, პოლიციელები, პატრული არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
შემდგომ უკვე თქვენ, სერვისის მიმწოდებელი ადამიანები, რომლებმაც პოტენციურად, ჯერ ჩვენი მოქალაქეები უნდა მიიღოთ სტუმრად, შემდგომ უცხოელები. არ არის რთული სტანდარტების დაცვა. თერმოსკრინინგი, ნორმალური დეზინფექცირების პროტოკოლები, რომლებიც შესასრულებელია, ნორმალური „ქლინინგი“ რასაც ჰქვია, ნორმალური ტრანსპორტი.
მარტივია, ეს არ არის რთული. გავიგე, რომ დამატებით რაღაც ხარჯები გექნებათ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეს მსოფლიოში მწვანე, კოვიდისგან სუფთა ქვეყნები და რეგიონები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა. ამიტომ ეს თქვენ რაღაც დამატებით ღირებულებას მოგცემთ და ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი, სულ სხვანაირი ტურისტია.
იმას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს და არა ზურგჩანთა ჩამოკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელს მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო სხვა მოთხოვნა ექნებათ და დარწმუნებული, ეს შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, რომ უფრო მეტი ბრუნვები გქონდეთ და უფრო მეტი შემოსავალი გქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს, რომ ცოტა უფრო მაღალი სერვისიც იყოს და ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც“, – განაცხადა გახარიამ.