პრემიერი-სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას

“სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა.

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დასრულებული არ არის, ყველაფერი გრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სახეები, რომელსაც დღეს აქ ვხედავ. ტყუილად არ ჩამომითვლია, ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ, უმნიშვნელოვანეს სფეროს. ის რეფორმები, რომელიც ბოლო თვეების განმვლობაში დაწყებულია სამინისტროში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ შესძინოს მდგრადობა ყველა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ მიაღწია 2012 წლიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ჯანდაცვის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, გისურვოთ წარმატებები და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს, ექიმს, სამოქალაქო თანამშრომელს, ყველას, რათა რაც უკვე გაკეთდა და რაც მთავარია, თქვენზე დაყრდნობით, თქვენი იმედით, დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერს იმას, რაც გველის მომავალში“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჯერ ქვეყანაში ვირუსი არ დამარცხებულა და ყველამ უნდა ისწავლოს „კოვიდ-19“-თან ერთად ცხოვრება.

„ყოველთვის ვიმეორებ და თქვენთან უპრიანია, გავიმეორო, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს თქვენთან ერთად ვებრძვით. თქვენი მიღწევა და ჩვენი მიღწევა არის ის, რომ გავრცელებას ვაკონტროლებთ, ასე უნდა გავაგრძელოთ.

უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.