რუსთავის მარცხენა სანაპიროზე გზებისა და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის  მარცხენა სანაპიროზე, 11 ლოკაციაზე გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დუმბაძის ქუჩაზე, ფიროსმანის N19-ში, მშენებელთა ქუჩის N42-სა  და მაიაკოსკის კონკრეტულ მონაკვეთში  შიდა ეზოების მოპირკეთების სამუშოები უკვე დასრულდა.დანარჩენ მისამართებზე კი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, სამუშაოები ამ დროისთვის წერეთლის ქუჩაზე, ოდიშარიას ქუჩის N32, N33 და N34-ში, წმინდა ნინოს ქუჩის N2-ში მიმდინარეობს. ასევე, დონეცკ-მეტალურგების ქუჩასა და გომელაურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემები მოეწყობა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს და შესრულების ხარისხს  ადგილზე გაეცნენ. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეო გრუპი” ახორციელებს.

პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ 323 ათას ლარს შეადგენს. გზების რეაბილიტაციის პროცესი თებერვლის თვეში დაიწყო და ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.