რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 2 პაციენტია მოთავსებული

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 2 პირია მოთავსებული. როგორც ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია რაზმაძე TV4-თან საუბრის დრო აცხადებს, პაციენტები რუსთაველები არიან. ისინი ცხელების ცენტრში ბინიდან მომატებული ტემპერატურისა და საერთო სისუსტის სიმპტომატიკით არიან გადაყვანილი. 

ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ მასალას დღეს აუღებენ და ნიმუშებს დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

ამასთან დღეს დილით ცნობილი გახდა რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ შეყვანილი 2 პაციენტის ტესტის პასუხი. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს. 

შეგახსენებთ, რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში COVID19-ზე ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ რუსთავში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა და ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.