შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან პერსონალური დაცვის საშუალებები უსასყიდლოდ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამსახურმა დამატებით სახის დამცავი 4 800 ფარი, 5 400 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 2 000 რესპირატორი მიიღო. დამცავი აღჭურვილობა საქართველოში COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის არის განკუთვნილი.
“პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელმაც სპეციალური რეისი შეასრულა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი პოლონეთის ელჩთან, მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად დახვდნენ.
პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოლონურ მხარესთან სამოქალაქო დაცვის მიმართულებით მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.