ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს,  პირი,რომელმაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ  მისი შვილი  „შარში იყო“, განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.  

„ეს პირი, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია, არის სამხარეო პოლიციის ერთერთი მაღალჩინოსანი. მან გარკვეულწილად მოახდინა ის ფორმულირება, რომელიც ძალიან ცუდად აისახა ბატონ ჯუმბერზე. ამის თაობაზე დეტალურად ჩააყენა საქმის კურსში გამომძიებელი და განყოფილების უფროსი. ბატონი ჯუმბერი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, რომ გამოძიება აწარმოოს სამხარეო პოლიციამ და ითხოვს, ეს საქმე გადავიდეს სამინისტროში“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ბაჩალიაშვილის მამამ 22 ივლისს განაცხადა,  მას გამოძიებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნეს და ნახეს, რომ ის „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო. ბაჩალიაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.