მთავრობას შესაძლოა შეზღუდვების გატარების უფლება წლის ბოლომდე ჰქონდეს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონში ცვლილებები, რომელიც რეგულაციების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს, უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა კომიტეტებზე დაიწყება.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ “კოვიდ19”-თან ბრძოლის საუკეთესო ტაქტიკა შეიმუშავა და შედეგიც სახეზეა – გვაქვს გამორჩეულად პოზიტიური შედეგი, ჩვენ მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება.

მოსალოდნელია, შესაძლო მეორე ტალღა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი გავრცელება, იყოს შედეგობრივად უფრო მძიმე, ამიტომ ჩვენ გვიწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ამ ვითარებასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მოახლოვდა საარჩევნო პერიოდი და შესაძლოა, ეპიდვითარების გაუარესებისთვის მითიც კი აღმოჩნდეს ამიტომ ვფიქრობ, უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, საჭიროა ეს პოზიტიური შედეგი იქნას ბოლომდე მიყვანილი და ამისათვის აუცილებელი პირობა არის რომ ხელისუფლებას არ უწევდეს მძიმე შეზღუდვებით მისი მართვა, ანუ საგანგებო მდგომარეობის შემოღება საჭიროების შემთხვევაში და მან შეძლოს მართვა უფრო მსუბუქი რეგულაციებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.