ნასვამი პოლიციელი არასწრულწლოვანს დაეჯახა – მოზარდი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანი გარდაიცვალა – ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით სოფელ არაგვისპირთან მოხდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა“, – აცახდებენ პროკურატურაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.