პატრიარქი-საქართველო ღვთის განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ არის

ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და მრევლი დალოცა.

„წარმოადგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ, ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა მადლი ღვთისა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა, ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლობა ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა, მადლობა უნდა შესწიროს უფალს.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა, ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის, ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს, ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მე მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ეს გზა. როგორ შესძლო მცირეწლოვანმა ქალიშვილმა წმინდა ნინო გამოევლო ეს შორი გზა. მათ დაურიგდებათ სიგელები“, – განაცხადა პატრიარქმა.