რუსთავში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის პირველ ნომერში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული შუა ხნის მამაკაცია – ამის შესახებ TV4-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი სრულად ევაკუირებულია.

დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა TV4-ის ინფორმაციით, ცეცხლის შედეგად დაშავდა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის, პოლიციისა და სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. მეხანძრესა და პოლიციელს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ექიმი კლინიკა “რუსთავში” გადის მკურნალობას. როგორც TV4-ს კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს, მას კვამლის ინტოქსიკაცია აქვს მიღებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი, სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.