სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა.
 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.

შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით,  დანარჩენ ორ სოფელზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, გარდაბნის სოფლებში ეპიდემოიოლოგები მუშაობენ.