აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.”,- წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

 შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა.