ავღანეთში 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში მყოფ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს.
 
ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და დღეს განხორციელდა. ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ.
 
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.