დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, სადაც გაფართოებული ტესტირება დაიწყო, მოსახლეობა კვლევებში სათანადოდ არ ერთვება .
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 1 დღეში 350 ნიმუშის აღება მოახერხეს, როცა 700-დან 1 000-მდე ნიმუშის აღებას გეგმავდნენ.
“სამწუხაროდ, არის ცუდი დამყოლობა მოსახლეობაში კვლევებზე. სამივე სოფელში 7 000-მდე მოსახლე ცხოვრობს და გვინდოდა, ამ კვირაში ყველა მოსახლე გამოგვეკვლია… ამ სამი სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა ბაზრებზე მუშაობს – რუსთავის, ლილოს და თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე, ამიტომ დიდი და მაღალია ინფექციის გატანის რისკი. სამწუხაროდ, მოსახლეობიდან ეს შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ჩვენი 6 ბრიგადა მუშაობდა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-დან 1000 ნიმუშამდე. ამ 350-დან 10 იყო დადებითი, ანუ იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ის მოსახლეობას სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, შესაძლოა, სამივე სოფელი ჩაიკეტოს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან 10 სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.