ბაქოში მოქალაქეები პარლამენტში შეიჭრნენ

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება მეოთხე დღეა გრძელდება. ორივე ქვეყნის მონაცემებით შეიარაღებული შეტაკებების დროს ჯამში 16 ადამიანი დაიღუპა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ბაქოს ქუჩებში 14 ივლისის მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერი არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “ყარაბაღი ჩვენია”, “დიდება არმიას”, “მთავარსარდალო, გამოაცხადე მობილიზაცია” და ა.შ.

დილის ოთხ საათზე დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტში შეიჭრა. 15-20 წუთში შენობაში პოლიციაც შევიდა და მოქალაქეები ხელკეტების დახმარებით გამოიყვანა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მანქანა გადაატრიალა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლიდან დაიწყო. ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული. თუმცა, ტერიტორია უმეტესად ეთნიკურად სომხებითაა დასახლებული. ასეთი მასშტაბის დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოს 2016 წელს იყო. მაშინ არეულობა 4 დღე გაგრძელდა.