გარდაბანში კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაფართოებული კვლევის შედეგად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჯამში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, 7 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ასევე, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

“7 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული – ესენი არიან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები. 5 შემთხვევა არის დაავადებულებთან კონტაქტი, 10 შემთხვევა გარდაბნის რაიონში კვლევისას გამოვლენილი შემთხვევებია და 2-ის წყარო არ არის ცნობილი. ხდება კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით,” – განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფომრაციით, კოვიდისმიმღებ ცენტრებში ამ დროისთვის 188 პაციენტი მკურნალობს.