გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, გუშინ ლაბორატორიაში გაგზავნილი 126 ნიმუშიდან COVID-19 მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლიდან ეპიდემიოლოგებმა 705 ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში აიღეს. მათ შორის 377 ნიმუში სოფელ ყარაჯალადან არის, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. სახელმწიფო რწმუნებულის ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, გამოკვლეულთა რაოდენობა გაზრდილია.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 705 ადამიანი. ყარაჯალარში ტესტირება ჩაუტარდა 377 ადამიანს. თითქმის გაორმაგდა წინა დღეებთან შედარებით შედეგი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ ესეც არ არის საკმარისი. უფრო მეტი აქტივობაა საჭირო“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
მხარის პირველმა პირმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ტესტირების პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.