გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგების ჯგუფები მუშაობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს და ჯამში 700-მდე პირს აუღებენ „პი-სი-არ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას.

„მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 6 ჯგუფი, აქედან 3 ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან, ერთი – რუსთავის, ორი – გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფი. დღის განმავლობაში აღებული ნიმუშები საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება“, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.