გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას შეეხება, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვასი და ჩინეთს.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ივლისს მიიღო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყანებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღდუვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქდება შესვლის შესაძლებლობების საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.
საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის ესპანეთიც. ესპანეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ “ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო” 15 ქვეყნიდან მხოლოდ 13-ს, მათ შორის, საქართველოს უხსნის საზღვარს. ჩინეთი და მაროკო, შესაძლოა, ესპანეთის სიის მიღმა დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის საბჭომ “ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ” მიიჩნია.
საქართველოს გარდა, ესპანეთის საზღვრები გაიხსნება ალჟირის, ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდას, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებისთვის.
პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარს არ გაუხსნის ავსტრია. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული გულისხმობს, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდ-ტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 4 დღისა ან დაექვემდებარონ 14 დღიან თვითიზოლაციას.
ევროკავშირის “უსაფრთხო ქვეყნების სიის” პარალელურად თავისი სიაც ჩეხეთმაც გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ვერ მოხვდა.
ჩეხეთმა ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ქვეყნებიდან მხოლოდ 8 დატოვა: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.
ჩეხეთმა საქართველოსთან ერთად სიიდან ამოიღო ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტუნისი და ურუგვაი, ისევე, როგორც ჩინეთი, რომლის მიმართაც ევროკავშირი დააწესებს ურთიერთსანაცვლო მოქმედებების პირობას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან.