არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში -ფოტო არქივი ასურეთიდან, ყოფილი ელიზაბეტთალიდან

 

გერმანული დასახლებები და არქიტექტურული
მემკვიდრეობა საქართველოში – ასურეთი, ყოფილი ელიზაბეტთალი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  ისტორიული ფოტოებს ავრცელებს, რომელიც უწყების ცნობით, ასურეთელი ესტატე კაკულიას და ეკა უძულაშვილის პირადი არქივებიდან არის აღებული. 

ცნობისთვის, პირველი გერმანელების, ვურთემბერგელი შვაბების 31 ოჯახი თბილისში 1817 წლის 21 სექტემბერს ჩამოვიდა, დღევანდელი სართიჭალის ტერიტორიაზე დასახლდა და თავიანთ სოფელს მარიენფელდი უწოდა.

 გერმანელთა ჩამოსვლა შემდეგ წლებშიც გაგრძელდა და 1820 წელს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ხუთი გერმანული კოლონია იყო: ნოი-ტიფლისი, ალექსანდერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი და პეტერსდორფი; დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი ორი – ჰელენენდორფი და ანენფელდი

ელიზაბეტთალში, სხვა კოლონიების მსგავსად, ეკლესია მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მოგვიანებით ეკონომიკურად გაძლიერებულმა კოლონისტებმა დიდი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. პასტორ მარტინ ფრიდრიხ შრენკის გადმოცემით, ამ ეკლესიის პროექტის ავტორად ითვლება ნოი-ტიფლისის პირველი კოლონისტების შთამომავალი, ცნობილი თბილისელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი. მშენებლობა 1868 წლის 12 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე დაიწყეს და სამ წელიწადში, 1871 წლის 29 აგვისტოს ახალი ეკლესია საზეიმოდ აკურთხეს.


გერმანელები ეწეოდნენ მეხილეობას, მეფუტკრეობას და მებოსტნეობას; განსაკუთრებით განვითარებული იყო კარტოფილის მოყვანა; მისდევდნენ მესაქონლეობასაც, ჰყიდდნენ რძეს და კარაქს, ამზადებდნენ ფურგონებს, რაც ძალიან შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა და, კატარინენფელდის მსგავსად, ელიზაბეტთალშიც საკმაოდ პოპულარულ საქმიანობას წარმოადგენდა. გერმანელები ფურგონებს ყოველთვის სარფიანად ჰყიდდნენ, თუმცა მათი კლიენტები ძირითადად სომხები და მოლოკნები იყვნენ, რადგან ქართველებს საკუთარი ტრადიციული ურემი ერჩივნათ.

ასურეთის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და სამეცნიერო კვლევის ავტორია არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი,სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.