რუსთავის საქალაქო სასამართლომ დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთისა და მისი მკვლელობის საქმეზე 6 პირის მიმართ განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დიმიტრი დუღაშვილს 9 წელი. ასევე, ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ასათიანს, იგი რუსთავის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი ასათიანის გათავისუფლებას ხმაური მოჰყვა. გარდაცვლილის, დავით მუმლაძის დედა აცხადებს, რომ საქმე სრულყოფილად გამოძიებული არ იყო.
ინფორმაციისთვის, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს გასული წლის პირველი ოქტომბრიდან ეძებდა.
სამართალდამცავებმა, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.