2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს დასრულდა. გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და დღეს, 11 ივლისს დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, თვის ბოლოდან დაიწყება.
მათივე ცნობით, 12 ივლისიდან საგამოცდო პროცესი ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.
“დღეს აბიტურიენტები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. დარეგისტრირებულებიდან საგამოცდო ცენტრში 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ორმა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და დღეს, 11 ივლისს სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს იყო გასული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. მას გამოცდაზე შესვლის მომენტში არც ტემპერატურა და არც დამატებითი რესპირაციული სიმპტომები არ ჰქონდა. ყველა ის აბიტურიენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი წესების დაცვით გააგრძელებენ საგამოცდო პროცესს.” წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან რამდენი არ გამოცხადდა და გამოეთიშა კონკურსს ჯერჯერობით უცნობია.