თბილისი-რუსთავის მუნიციპალურმა ავტობუსებმა მოძრაობა შესაძლოა წლის ბოლოდან დაიწყოს

თბილისის  მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის  ვიქტორ წილოსანის განცხადებით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით მუნიციპალურმა ავტობუსებმა მოძრაობა შესაძლოა წლის ბოლოდან დაიწყოს. 

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ავტობუსებთან ერთად იმოძრავებს მიკროავტობუსებიც.

„იცით, რომ გაზრდილია მგზავრთა ნაკადი, შესაბამისად, ავტობუსები გაზრდილი ნაკადების გამო ემატება. შემდგომი ნაბიჯები როგორი იქნება, ეს განპირობებული იქნება იმის მიხედვით, როგორ მოხდება ქსელის გაფართოება. ამ ეტაპისთვის რჩებიან მიკროავტობუსებიც. ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსს 126 ავტობუსს, ამავე ტენდერის პირობებში ველოდებით კიდევ დამატებით 100 ავტობუსს, რითაც მოხდება თბილისის ავტობუსების სრულად ჩანაცვლება. ამის პარალელურ რეჟიმში მოხდება რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნაც. შესაძლებელია ეს წლის ბოლოდანაც მოხდეს“, – განაცხადა წილოსანმა.