თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას შენობაში აფეთქება მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
UPDATE: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, მეათე სართულზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
ოთარ კერესელიძის განცხადებით, ნგრევისა ან განმეორებით აფეთქების საფრთხე არ არის.
„ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონში, მეორე კვარტალში, 21-ე კორპუსში, მეათე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვებით ბინის აფეთქება. ჩამონგრეულია შეკიდული ჭერი და კარ-ფანჯარა. დაშავებული არავინ არ არის. ბინაში არავინ არ იმყოფებოდა.
ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ბუნებრივი აირი გადაკეტილია.
ადგილზეა გაზის საავარიო, „თელასის“ სამსახური და ამოწმებენ შენობას. განმეორებითი ნგრევის ან აფეთქების საფრთხე არ არის“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.