იქნება თუ არა მარნეულის ყოფილი მერი ,თემურ აბაზოვი “ოცნების” პროპორციულ სიაში?!

ინფორმაციას, რომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი “ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,  პარტიაში არ ადასტურებენ. 

 როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ილია ნაკაშიძემ ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საუბარში განაცხადა , აბაზოვის სიაში ყოფნასთან დაკავშირებით, პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

საუბარი არ ყოფილა, რომ აბაზოში, შესაძლოა, „ოცნების“ პროპორციულ სიაში იყოს და უფრო მეტს გეტყვით, ეს სია, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ დეკადაში იქნება. ამიტომ დრო ძალიან ბევრი გვაქვს. შეიძლება, ვიღაცას სურვილი აქვს და თავის რენომეს იწევს ამით, ეს სხვა ამბავია, ამიტომ ნამეტანი მაგას არ დაუჯეროთ. აბაზოვთან დაკავშირებით, პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა“,- განაცხადა ნაკაშიძემ.

ამასთან,საკითხთან დაკავშირებთ ,დღესვე კომენტარი გააკეთა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკი. მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის შეყვანის თაობაზე მის მიმართ შეთავაზება არ ყოფილა.

„თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი. ეს საკითხი არ განხილულა და არც შესაძლებელია განხილული იყოს. გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო და მისი რეკომენდაციები განიხილება საარჩევნო შტაბში. არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება.

„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“,- განაცხადა აბაზოვმა

ცნობისთვის, 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბზოვი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. საბოლოო ჯამში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.