ლიეტუვამ საქართველოს საზღვარი სრულად გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას.
„გადაწყვეტილება ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, რომელიც ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს“,- წერია განცხადებაში.
ლიეტუვა ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელმაც საქართველოს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა და საქართველომაც, თავის მხრივ, 8 ივლისს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა, 17 ივლისიდან, ორი კვირის განმავლობაში ლიეტუვაში ჩამსვლელ უცხოელებს ევროკავშირის ეკონომიკური ზონის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) ორ-კვირიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევდათ.
აღსანშნავია, რომ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი ამ დრომდე, ძალაშია.