ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.
ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან რამდენიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„ამის აუცილებლობა გახდა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების კლასტერიდან ერთერთი ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პიროვნებებთან გამოიკვეთა. ლილოს ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 30-მდე პიროვნება და რამდენიმე აღმოჩნდა დადებითი. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი პისიარსკრინინგი. პირველ რიგში სკრინინგი უნდა ჩატარდეს ინფიცირებულების კონტაქტებთან და მათ გვერდზე მომუშავე ადამიანებთან. შემდეგ კი გვაქვს გეგმა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას გამოკვლეული და მოხდეს მათი იზოლირება. ლილოს ხელმძღვანელობამ გამოგვიყვო ფართი, სადაც ორი ბრიგადა იმუშავებს და აიღებს ბიოლოგიურ ნიმუშებს. შეგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად ორგანიზებას გააკეთებენ ადამიანების მოყვანის, რომლებიც უშუალოდ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.