მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ მე ვთქვი ის, რასაც ვამბობდი, როცა შს მინისტრი ვიყავი, ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შსს-შიც სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან ერთად გლობალური, ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც იქნება ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი.
„პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება, რადგან ჩვენ მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ჯერ ეს ერთიც, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული, რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, უფრო მეტს გეტყვით, ძმობასაც, არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. ეს ერთი, მეორე, ახლა თქვენ რომ მეუბნებით ფოტოზე, ნანახი გაქვთ, ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა, ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება, დავასრულოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ, კონტექსტურად ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც არის რისკი“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებისა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნის შესახებაც ისაუბრა.
საუბარია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლის თანახმად, „საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის“.
„აქ ასეთ სფეროებზეა საუბარი – თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, აშშ-ს, ეს იქნება კონგრესმენი, თუ სენატორი შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს. მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. დროთა განმავლობაში ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-ამერიკას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა დგას. დარწმნუნებული ვარ, ასეთი პროცესები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.