მარნეულში მცხოვრები პირი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმას აღარ გადაიხდის, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.
დაჯარიმებულს პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის დროს, საჯარო სივრცეში შეკრების წესების დარღვევას ედავებოდნენ. თუმცა, გ. გ. უთითებდა, რომ როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და დააჯარიმეს, ის სოფელში, მაღაზიასთან იმყოფებოდა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრა და სათანადო მტკიცებულებები წარადგინა. პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში პოლიციის თანამშრომლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ. გ.-მ ნამდვილად დაარღვია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, შესაბამისად, მოქალაქის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დაჯარიმებული მოქალაქის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ბათილად გამოცხადდა.