მთავრობა ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მილიონ ლარს გამოყოფს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის მთავრობა 40 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თანამედროვე ინფექციური კლინიკა არსებობდეს.

„თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით.

ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი არამხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს.

ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა პრემიერმა.