საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (80 მომხრე) დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ.მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის.
5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება.
2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება. გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, რომელთა ოდენობა 2 კგ-ს უტოლდება ან აღემატება, ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარი (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარი ( ნაცვლად 1 000 ლარისა) იქნება.
1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით – 3000 ლარით; დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო – ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით.