სისტემური პრობლემა გრძელდება ისე, რომ უკვე წლებია არცერთ ქართულ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო მაგალითები შრომითი უფლებების დარღვევების – ოპოზიცია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაშავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გირგოლ გეგელია აცხადებს, პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შრომით უსაფრთხოებას უდიდეს ყურადღებას მიაქცევს. „ლელო“ მოქალაქეებს ღირსეულ და დაცულ შრომას ჰპირდება.
“2011 წლიდან მოყოლებული 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მძიმე ინდუსტრიული შრომისას და 1100-ზე მეტი დაზარალდა. ეს საკითხი არასოდეს ადარდებს ქართულ პოლიტიკურ კლანს. მაშინ, როდესაც შრომითი უფლებები განიხილება, საქართველოს პარლამენტი არის ცარიელი. ეს წრე უნდა გაირღვეს. ჩვენ გვექნება ღირსეული საბაზისო მინიმალური ხელფასი და უდიდეს ყურადღებას მივაქცევთ შრომის უსაფრთხოებას იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც მიდიან უბრალოდ სამუშაოდ, სახლში დაბრუნდნენ ბედნიერები, ჯანმრთელები და მათი სიცოცხლე არაფრის ფასად არ იყოს რისკის ქვეშ”, – განაცხადა პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.
ფაქტს ეხმაურება რუსთავის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”. ნანა შატბერაშვილის განცადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი შრომის უსაფრთხოებას არეგულირებს, ქვეყანაში მუშების დაშავების ბევრი შემთხვევაა, შესაბამისად, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება.
“ზედაპირულად, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვიღაცის დადანაშაულება, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ფაქტი არის ისიც, მიუხედავად იმისა, რომ კანონი შრომის უსაფრთხოებას არეგულირებს, მაინც გვაქვს მუშების დაშავების შემთხვევები, ანუ არ ტარდება ისეთი ქმედითი ღონისძიებები, რომელმაც უნდა შეცვალოს მუშების უსაფრთხოება კონკრეტულ სამუშაო ადგილებში. გამოსავალი არის ერთადერთი რომ დამსაქმებლებმა სახელმწიფოს დაკვეთითა და კონტროლით გააუმჯობესონ და გაამკაცრონ ის პირობები, რა პირობებშიც მუშებს უწევთ მუშაობა”, – განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცს საამქროში მუშაობის დროს, ფეხში ცხელი არმატურა მოხვდა და თერმოდაზიანება მიიღო.