პარკებში ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება

პარკებსა და სკვერებში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება.

ქალაქის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების გადაადგილების კონტროლის ვალდებულება ,,რუსთავსერვის ცენტრს” 1-ლი ივლისიდან განესაზღვრა. კერძოდ, სამსახურის თანამშრომლები წესის დარღვევის შემთხვევაში, შინაური ცხოველის მესაკუთრეს საჯარიმო სანქციებს დაუწესებენ.

,,ჩვენმა თანამშრომლებმა, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სკვერებსა და კულტურისა და დასვენების პარკში მოქალაქეები გააფრთხილეს შინაური ცხოველების გადაადგილების ახალ წესებთან დაკავშირებით. თუ დაფიქსირდება ფაქტი, რომ მფლობელი იყოლიებს ძაღლს საბმელის ან ალიკაპის გარეშე, მოხდება მისი დაჯარიმება 20 ლარის ოდენობით. თუ წლის განმავლობაში იგივე ფაქტი განმეორებით მოხდა, მაშინ მეპატრონე დაჯარიმდება 50 ლარით”, – განაცხადა “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ TV4-თან საუბრის დროს.

მისივე ინფორმაციით, რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ  პარკში შინაური ცხოველების გადაადგილების მონიტორინგს პარკის დაცვის სამსახური განახორციელებს.