აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მაყურებელმა პირველი ქართული „ფინიში“ იხილა და ის ორგანიზაციაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ქალის – ლიანა ჯოჯუას (8-3) ანგარიშზეა. მისი მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა (13-6) იყო, რომელიც ბუკმეიკერების მიერ ფავორიტად მიიჩნეოდა.
ბრძოლა სწორედ რუმინელის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც ლიანას რამდენიმე დარტყმა გაუტარა და დაპირისპირება კლინჩში გადაიყვანა. აქ თავს უფრო კომფორტულად ქართველი გრძნობდა. მან მალევე მოიპოვა კარგი პოზიცია და ბრძოლა პარტერში გადავიდა. ლიანას თავისი საყვარელი ილეთის – ხელის მტკივნეულის (Armbar) გაკეთების შანსი მიეცა. ბელბიტა, მიუხედავად ცუდი პოზიციისა, არ დანებდა. ლიანას მოძრაობის დასასრულებლად დიდი დრო არ დასჭირვებია და გამარჯვება პირველსავე რაუნდში მოიპოვა (2:47).