პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 20 აგვისტოს ნაცვლად, 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა. კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე ეტაპების დასრულების შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი 5 ივლისამდე გაგრძელდა. მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად კი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდი განისაზღვრა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში საქმისწარმოების ახალი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.