კაპანახჩში მამაკაცი ჯერ საცხოვრებელ სახლში,შემდეგ კი სოფლის ცენტრალურ მოედანზე სცემეს-შსს(+ვიდეო)

  შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.