კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონტროლდება თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობა, იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა.
„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას, მთელი იმ 72-საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე გააკეთა კომენტარი.
პრემიერმა ფრენების აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა ექვსი ივლისიდან გაგრძელდეს.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.
„ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისიე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
საკითხის კომენტირებისას გახარიამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა და მისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა.
გახარიას განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო.
„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა. ახლა ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომლებიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, დაწყებულია თუ არა კონსულტაციები, გახარიამ უპასუხა, რომ ჯერ ადრეა.