„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეძენილი 41 პროდუქტიდან 5 ნიმუშში საღებავი “სუდან 1” აღმოჩნდა.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა და კეტჩუპი.
გთავაზობთ იმ პროდუქტების დასახელებას, რომელშიც საღებავი აღმოჩნდა: ტომატის კეტჩუპი “კალვე“; ცხარე საწებელი “ჯაკომო”; აჯიკა “აფხაზური, ეს”; “ხათოს აფხაზური აჯიკა” და აჯიკა “ნენა”.
momxmarebeli.ge-ს ცნობით, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.
“ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.
თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად,“-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.”,-წერია კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“. კვლევა „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარდა.