რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა

 რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი ოფიციალურად გაიხსნა. კოსტავას გამზირი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს. 

 

 

 ღონისძიებას, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სხვა მოწვეული სტუმრები და რიგითი რუსთაველები ესწრებიან.

 

ახლადრეაბილიტირებული გამზირის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ველორბოლით  დაიწყო.ველორბოლის დასრულების შემდეგ,  რუსთაველი ველოსიპედისტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

 

ქუჩაზე, რუსთაველი მუსიკოსები, მუსიკალურ კომპოზიციას ასრულებენ,  მოწყობილია ძველი რუსთავის ფოტოების გამოფენაც.

 

 ცნობისთვის,კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. მეორე პროექტით კი, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი.

ამასთან, შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ,,ჯი აი ზეტ”-თან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით მოწყობილია ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

დღეიდან, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. შუაგამყოფ ზოლში მოწყობილი სკვერი, კი კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს შემატებს ქალაქს.