ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს რუსთავის საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე გაეცნო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით 6 000-ამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული,საიდანაც რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 300-ამდე აბიტურიენტი ჩააბარებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსთავის საგამოცდო ცენტრში მაღალი ტემპერატურა ჯერ არცერთ აბიტურიენტს არ დაფიქსირებია.
“დღეს ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის საგამოცდო ცენტრში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. 08:00 საათზე მობრძანდნენ აბიტურიენტები და დისტანციით დაცვით შევიდნენ ტერიტორიაზე. არანაირ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. დავათვალიერეთ საგამოცდო ცენტრი. გვაინტერესებდა ტემპერატურა. ითვლება, რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრში ყოველთვის მაღალი ტემპერატურაა. შესაბამისად, დილით ჩართული იყო კონდიცირება. ახლა ფანჯრებია ღია და როგორც კი ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, ჩავრთავთ კონდიციონერს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.