რუსთავში, ორი ახალი საწარმო შენდება. პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოსა და სილიკომანგანუმის საწარმოების მშენებლობის პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად გაეცნო.
კომპანია ,,ენ-ბი-ალოისი“ და შპს ,,პოლივიმი“ ახალ საწარმოებს ჭყონდიდელის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში აშენებენ. ორივე ქარხანში, ჯამში 350-მდე ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდება.
,,კომპანია ,,პოლივიმ“ რუსთავში პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობა, ცოტა ხნის წინ დაიწყო. საწარმო, ნედლეულის სახით მოიხმარს პოლიეთილენ-ტერეფტალატის მეორად ბოთლის გადამამუშავებელ ფანტელებს, ხოლო საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს გამოუშვებს.
სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და ნედლეულს წარმოადგენს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის. აქტიურ ფაზაშია შესული და შემოდგომისთვის იგეგმება მეორე ახალი საწარმოს გახსნა. ახალ ფეროშენადრობ ქარხანას, კომპანია ,,ემ-ბი-ალოისი“ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სესხით აშენებს. საწარმო აღიჭურვება ე.წ. მშრალი ფილტრებით, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს მაქსიმალურად შეამცირებს, ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერიის ცნობით, ,,ემ-ბი-ალოისის“ ფეროშენადნობი ქარხანა 4 მეგავატიანია და მასში სილიკომანგანუმის წარმოება მოხდება.
„დღეისათვის, ქარხნის მშრალი ფილტრებით აღჭურვა მიმდინარეობს. ქარხნის გახსნას კომპანიის ხელმძღვანელობა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს, მასში საწყის ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება, მეორე ეტაპზე კი დამატებით 100 ადგილობრივი მიიღებს სამუშაო ადგილს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 1 მლ 800 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 1 მლ 500 ათასი ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული შეღავათიანი სესხია, 300 ათასი კი კომპანია ,,ფლექსო ფუდის“ კერძო ინვესტიცია.
შპს ,,პოლივიმი“, მთლიანდ კერძო უცხოური ინვესტიციით შენდება, რომლის საერთო ოდენობა 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, საწარმოში 150 რუსთაველი დასაქმდება და წელიწადში 800 ათასი ტონა მრავალფუნქციური სინთეზური ბოჭკოს წარმოება მოხდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.