საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც სუბიექტები, გაუქმდა. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტის ყველა წევრი გაერთიანებული უნდა იყოს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, უქმდება დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის სტატუსიც. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება.
ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის ან/და ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
ამასთან, 9-დან 5-მდე შემცირდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა .
კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავინდებურად პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ვიცე-სპიკერს, ორი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით აირჩევა, ხოლო ორი – ოპოზიციის. მათი არჩევა მოხდება ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
გარდა ამისა, იცვლება საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც. რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება. საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე (არსებობის შემთხვევაში).