საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები ყურბან-ბაირამს ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ.
მეჩეთებში დილის ლოცვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეები პირუტყვს კლავენ და ხორცს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველებს უნაწილებენ.
ყურბან-ბაირამზე მუსლიმი მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს ულოცავს.
„ყურბან ბაირამი ოთხი დღე გრძელდება და ამ პერიოდში შეძლებული მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. ამ დღეს მუსლიმებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება აკისრიათ, მატერიალურად შეძლებული მორწმუნეების მექასა და მედინაში წმინდა ადგილების მოსალოცად გამგზავრება, რასაც ჰაჯობა ანუ პილიგრიმობა ეწოდება“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.