საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 963 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 841-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება.

მისივე თქმით, ახალ ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

“ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი, ანუ შიდა გადაცემა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.