საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. ეზუგბაიას თქმით, ყველა მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის კოვიდის მიმღებ ცენტრებში 142 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.