საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge გავრცელდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება, ექვსი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„სამწუხაროდ, ერთი გვყავს სამედიცინო პერსონალი და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. დაახლოებით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია. მედპერსონალს რაც შეეხება, ეს არის ერთი კონკრეტული კლასტერი და მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​ შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება.