საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთი არის გაჩიანი, ერთის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამ დროისთვის კარანტინში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 353.