საწვავში გოგირდის მაღალი მაჩვენებელი და ოქტანობის შეუსაბამობა გამოვლინდა

აპრილში ჩატარებული დიზელისა და ბენზის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლეული 92 სინჯიდან, თითქმის ყოველ მესამე შემოწმებულ ნიმუშზე გოგირდის შემცველობის გადამეტება ფიქსირდება, ბენზინის შეთხვევაში კი გარკვეულ კომპანიებთან საწვავის ოქტანობის მაჩვენებლის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა დაფიქსირდა.  

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ დღეს, 3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას კონკრეტული კომპანიების შესახებ არ უსაუბრია.

მისი განმარტებით, საქართველოში გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში კანონით რეგულირდება და ის არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ზე, თუმცა გამოკვლეული ნიმუშებიდან 14 შემთხვევაში გოგირდის შემცველობა 52 მგ/კგ-დან იწყებოდა და დაფიქსირდა 850 მგ/კგ-ზე მეტიც.

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ჯარიმას, რომელიც 8 000 ლარია, არ აქვს შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი და საჭიროა გარკვეული სანქციების გამკაცრება. ჩვენთვისს ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიცირებით შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანონ და საკმაოდ მკაცრი სანქციების დაწესება”, – განაცხადა კორკოტაძემ.

გარდა ამისა, კორკოტაძის განმარტებით, როგორც წესი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში წვის პროდუქტები გამოყოფენ აზოტის, გოგირდის და სხვა ჟანგებს, რაც მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში უარყოფითად აისახება გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

ბრიფინგზე კორკოტაძემ ასევე აღნიშნა, რომ აპრილის თვის გარდა, მათ უფრო მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად 252 სინჯი აიღეს მაისშიც, რომლის საბოლოო შედეგებიც ამ დროისთვის ცნობილი არ არის.