2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათვე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში – 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 138, ქვემო ქართლში – 131, შიდა ქართლში – 112, სამცხე-ჯავახეთში – 111, მცხეთა-მთიანეთში – 39, გურიაში – 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.