გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილ სოფელ ყარაჯალარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური იმყოფებოდა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ადგილობრივ მოსახლეობას 5 000 ერთეული საინფორმაციო ფლაერი გადასცა. ფლაერები ორენოვანია და ინფორმაცია მასზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზეა
“დღეს ვიმყოფებით სოფელ ყარაჯალარში, მოგეხსენებათ აქ გვაქვს ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 60-ს გადასცდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ამიტომ აქედან ვიწყებთ ამ ფაზას, რათა თითოეულ მოქალაქესთან კარდაკარ პრინციპით დავარიგოთ საინფორმაციო მასალები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ჩვენც და ჩვენს მოქალაქეებსაც რომ კიდევ ერთხელ გადაიაზრონ ის რისკები, რომლებიც ახლავს კორონავირუსის გავრცელებას და ასევე, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ აღკვეთონ და ეფექტიანი იყოს ბრძოლა ვირუსის საწინააღმდეგოდ”,- განაცხადა ლია გიგაურმა.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, პროგრამაში ჩართულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა ,ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მისივე განცხადებით, ინფორმაციის მიტანასთან ერთად ,მნიშვნელოვანია მოქალაქეების დარწმუნება, რომ კორონავირუსის საფრთხე რეალურია და თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული გავრცელდება თუ არა ვირუსი.